ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მივიტანეთ - „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მივიტანეთ - ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს. ირანული მხარე ამბობს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელსაც თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.
აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს - ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ადასტურებს. "ირანმა ზავი დაარღვია" - აცხადებს უწყება.
აშშ-ში აცხადებენ, რომ იერიშების მიზანი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მიმავალი სამი კომერციულ გემზე მიტანილ თავდასხმებზე საპასუხო ნაბიჯია.
ცნობილია, რომ აშშ-ის ძალებმა ირანზე განხორციელებული ბოლო იერიშის დროს 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობის თქმით, ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, იერიში მიიტანეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 60-ზე მეტ მცირე ზომის ხომალდზე. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, ირანს შეთანხმების დარღვევისთვის პასუხი აგებინოს.
მომხდარის შემდეგ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყება წერს რომ, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების, ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახლა დაწესების, ჰორმუზის სრუტეში ჩარევისა და ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების შედეგად ურთიერთგაგების მემორანდუმი არაეფექტური გახდა.
„ამ დაძაბულობის ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.
ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აშშ-ს ირანზე თავდასხმებისთვის მათი ტერიტორიების გამოყენების უფლება არ მისცენ.