მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებმა შეუტიეს

28.07.26 10:18
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებმა შეუტიეს

გასული ღამის განმავლობაში მოსკოვი და მოსკოვის ოლქი უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. აფეთქებები და ხანძრები დაფიქსირდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის ჩეხოვსა და პოდოლსკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 27 ივლისის საღამოდან 28 ივლისის დილამდე დედაქალაქის მიმართულებით 390-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

დამოუკიდებელი რუსული მედიისა და უკრაინული წყაროების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო სამრეწველო ობიექტები და საწყობები. გამოცემა ASTRA წერს, რომ ჩეხოვში დრონის დარტყმის შემდეგ ხანძარი რეგენერაციის ქარხანაში გაჩნდა, სადაც ძველი საბურავების გადამუშავება და რეზინის ნაწარმის წარმოება მიმდინარეობს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, ჩეხოვში დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლსაც მოხვდა, ხოლო ახლომდებარე სოფლებში ორი კერძო სახლი დაზიანდა და დაიწვა.

მსგავსი სიახლეები