„ზეწოლა უნდა გაიზარდოს, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“ - კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

17.08.26 10:14
„ზეწოლა უნდა გაიზარდოს, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“ - კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ შემოდგომაზე წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა სიას. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით გაიზრდება.

კალასის განცხადებით, უკვე მოქმედმა დასავლურმა სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას ტრილიონ ევროზე მეტი დააკარგვინა. მისი თქმით, მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და გაგრძელდეს მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

ახალი შეზღუდვების კონკრეტული დეტალები და მათი წარდგენის ზუსტი თარიღი კალასს ჯერჯერობით არ დაუსახელებია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, 21-ე პაკეტი ივლისში დაამტკიცა - შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებს, კრიპტოოპერატორებს, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებსა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს.

მსგავსი სიახლეები