უცხოური ფული კრემლის პარტიებში - „იაბლოკომ“ ექვსი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში უცხოური კვალი აღმოაჩინა

17.08.26 10:23
უცხოური ფული კრემლის პარტიებში - „იაბლოკომ“ ექვსი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში უცხოური კვალი აღმოაჩინა

უცხოური დაფინანსების კვალი რუსეთის ექვს პოლიტიკურ პარტიაში - „იაბლოკოს“ ანტიკორუფციულმა ცენტრმა მმართველ და საპარლამენტო პარტიათა ფინანსური ანგარიშები შეისწავლა და მათ დონორებს შორის უცხოეთთან ფინანსური და საქმიანი კავშირების მქონე კომპანიები აღმოაჩინა. საუბარია „ედინაია რასიაზე“, „სამართლიან რუსეთზე“, „ახალ ადამიანებზე“, ლდპრ-სა და კომუნისტურ პარტიაზე. მეექვსეა „როდინა“ - სწორედ ის პარტია, რომლის სარჩელის საფუძველზეც უზენაესმა სასამართლომ „იაბლოკო“ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნა.

„იაბლოკოს“ გათვლებით, 2021-2025 წლებში მხოლოდ მმართველმა „ედინაია რასიამ“ 811,75 მილიონი რუბლი მიიღო კომპანიებისგან, რომლებსაც უცხოური დაფინანსების ან ბიზნესკავშირების კვალი აქვთ. პარტიის დონორების კავშირები 51 იურისდიქციას მოიცავს, მათგან 22 კი რუსეთში ე.წ. „არამეგობრულ ქვეყნებად“ არის გამოცხადებული.

მსგავსი შემოწირულებები სხვა პარტიებმაც მიიღეს: „სამართლიანმა რუსეთმა“ - 197,2 მილიონი, „ახალმა ადამიანებმა“ - 98,2 მილიონი, ლდპრ-მ - 35,1 მილიონი, კომუნისტურმა პარტიამ - 11,37 მილიონი, ხოლო „როდინამ“ - 3,5 მილიონი რუბლი. ხუთი საპარლამენტო პარტიის შემთხვევაში საერთო თანხა მინიმუმ 1 მილიარდ 153 მილიონ რუბლს აღწევს.

კვლევა განსაკუთრებით საყურადღებოა თავად „იაბლოკოს“ არჩევნებიდან მოხსნის ფონზე. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა 10 აგვისტოს აუკრძალა. „იაბლოკოს“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი 16 900 რუბლის ოდენობის შემოწირულება იყო იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, უცხოეთიდან იღებდნენ თანხებს; პარტია აცხადებს, რომ ეს თანხა მოგვიანებით უკან დააბრუნა. „იაბლოკოში“ ამბობენ, რომ თუ იგივე კრიტერიუმი ყველა პარტიის მიმართ თანაბრად იმოქმედებს, არჩევნებიდან სხვა პარტიებიც უნდა მოიხსნას.

მსგავსი სიახლეები