აშშ-მა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს იურისტს სანქციები დაუწესა
აშშ-ის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და სასამართლოს უფროს იურისტ აბდულაიე სეიეს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება 18 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა.
რუბიოს განცხადებით, სანქცირებული პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ICC-ის მცდელობებში, გამოეძიებინათ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებიც სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ. სანქციების შედეგად, აშშ-ის იურისდიქციაში მათი აქტივები გაიყინება და მათ ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეეზღუდებათ.
დონალდ ტრამპმა ICC-ის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი 2025 წლის თებერვალში აამოქმედა. ვაშინგტონსა და ჰააგის სასამართლოს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერები და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიება გახდა. აშშ და ისრაელი ICC-ის წევრები არ არიან და მის იურისდიქციას არ აღიარებენ.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ სასამართლოს წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს აზიანებს.