მოსკოვში ФСБ-ს გადამდგარი გენერალ-მაიორი იგორ ლაპტევი გარდაცვლილი იპოვეს
მოსკოვში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გადამდგარი გენერალ-მაიორი და გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, 83 წლის იგორ ლაპტევი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 20 აგვისტოს, გენერლის ბინაში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ცხედარი მის სამუშაო კაბინეტში იპოვეს. ოფიციალურ უწყებებს ლაპტევის გარდაცვალების გარემოებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
რუსული გამოცემა „МК“ წერს, რომ იგორ ლაპტევი 20 აგვისტოს, დღის საათებში, მოსკოვში, ვერხნიაია კრასნოსელსკაიას ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. РЕН ТВ-ის ინფორმაციით კი, გადამდგარი ოფიცრის ცხედარი თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობით სამუშაო კაბინეტში აღმოაჩინეს. მედია წინასწარ თვითმკვლელობაზე მიუთითებს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ღია წყაროების თანახმად, ლაპტევი კომპანიათა ჯგუფ „ინფორმტექნიკას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. კომპანია დაცული პროფესიული საკომუნიკაციო სისტემების შემუშავებასა და წარმოებაზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია პროგრამულ-აპარატურული პლატფორმა „მინიკომი“. 2022 წლის თებერვალში კომპანიათა ჯგუფი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, ლაპტევი კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.