ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მაღაროს ჩამოშლას, ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი ემსხვერპლა — ადგილობრივების თქმით, დაღუპულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს.
შემთხვევა კამერუნის საზღვართან მდებარე ზამბოიეს ოქროს მაღაროში მოხდა.
როგორც ირკვევა, მაღაროში დასაქმებულთა ერთიანი ოფიციალური სია არ არსებობდა, რის გამოც უცნობია მიწის ქვეშ მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა.
რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, მედია წერს, რომ ძლიერმა ნალექმა ნიადაგი დაასუსტა, თუმცა მთავარ ფაქტორად უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფა სახელდება — გვირაბებსა და ორმოებს ხელით, სათანადო გამაგრების გარეშე თხრიდნენ. გარდა ამისა ირკვევა ისიც, რომ ადგილზე არ იყო საკმარისი ტექნიკა და მომზადებული ჯგუფები, რის გამოც ზოგიერთი მაღაროელი მიწის ქვეშ გაიგუდა.