მასშტაბური ხანძარი სანქტ-პეტერბურგთან - ცეცხლი 82 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა
სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, შუშარის დასახლებაში, იჟორის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, რამდენიმე საათში ცეცხლის ფართობი 22 ათასიდან 82 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, ხანძარს კი საფრთხის მეოთხე კატეგორია მიენიჭა.
ASTRA-ს ინფორმაციით, ცეცხლი საწყობების კომპლექსში გაჩნდა, რომელიც Ozon-ის საწყობიდან დაახლოებით 350 მეტრში მდებარეობს. იჟორის სამრეწველო ზონა რუსეთის მძიმე მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია - ტერიტორიაზე განთავსებულია მეტალურგიის, ლითონდამუშავებისა და მძიმე მანქანათმშენებლობის საწარმოები, ასევე ენერგეტიკულ და ატომურ სექტორებთან დაკავშირებული წარმოებები.
ადგილობრივების თქმით, ხანძრამდე უპილოტო საფრთხე არ გამოცხადებულა და არც დრონებისა თუ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა გაუგიათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.