კრივოი როგში სუპერმარკეტი საჰაერო განგაშის დროსაც მუშაობდა - დირექტორს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან
კრივოი როგში სუპერმარკეტის დირექტორს სამსახურებრივ გულგრილობაში ედავებიან - გამოძიების ინფორმაციით, მაღაზიამ საჰაერო განგაშის მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა. რუსეთის დარტყმის შემდეგ დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სუპერმარკეტში იპოვეს.
რუსეთის მიერ 21 აგვისტოს კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ორმაგი იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 130 კი დაშავდა. მათ შორის 23 ბავშვია. გამოძიების ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან პირველ დარტყმამდე დაახლოებით 20 წუთი გავიდა, თუმცა ობიექტი მუშაობას განაგრძობდა.
სამართალდამცველები ახლა ადგენენ, იყვნენ თუ არა თანამშრომლები და მომხმარებლები საფრთხის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული, გაიცა თუ არა შენობის დროული ევაკუაციის ბრძანება და შეესაბამება თუ არა სიმართლეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავშესაფრის კარი ჩაკეტილი იყო. გამოძიება ასევე შეისწავლის სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიისა და იქ ფართების დამქირავებელი კომპანიების პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს.