რუსეთში საიდუმლო პანკ-ფესტივალზე 100-მდე ადამიანი დააკავეს
რუსეთის ლენინგრადის ოლქში ძალოვანებმა დახურულ პანკ-ფესტივალზე მასშტაბური რეიდი ჩაატარეს - სპეცრაზმმა ვიბორგის რაიონში ტყის მასივი ალყაში მოაქცია და ღონისძიების დაახლოებით 100 მონაწილე და ორგანიზატორი დააკავა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აწვენენ ძალოვანები ახალგაზრდებს მიწაზე, სახით ქვემოთ და ხელებით თავზე.
მედიის ინფორმაციით, საუბარია Day x Night-ის ფესტივალზე, რომელიც 21-23 აგვისტოს უნდა გამართულიყო. ღონისძიების ზუსტ ადგილს ორგანიზატორები წინასწარ არ ასაჯაროებდნენ და მონაწილეებს კოორდინატებს დაწყებამდე დაახლოებით ერთი დღით ადრე უგზავნიდნენ. ფესტივალში სანქტ-პეტერბურგისა და კარელიის პანკ-ჯგუფები მონაწილეობდნენ.
რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ვერსიით, რეიდის მიზეზი გახდა ეჭვი, რომ ფესტივალზე სრულდებოდა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერები, ისმოდა რუსეთის ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები და შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების მოხმარებას. თუმცა The Insider აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების დამოუკიდებელი დადასტურება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ოპერატიულმა ჯგუფებმა და კინოლოგებმა კარვები გაჩხრიკეს. ძალოვანებმა ასევე ამოიღეს კვადროკოპტერები, რომლებსაც მონაწილეები ვიდეოგადაღებისთვის იყენებდნენ. რუსეთის სახელმწიფო მედიის წყაროები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ღონისძიება ფინეთის საზღვართან ახლოს, სასაზღვრო ზონაში ტარდებოდა. ამ დროისთვის განიხილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხიც.