რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. The Guardian-ის ინფორმაციით, ანდრეი კელინმა, რომელიც ლონდონში რუსეთის ელჩის თანამდებობას შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა, დიპლომატიური პოსტი 21 ივლისს დატოვა.
ამ დროისთვის ლონდონში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატიურ პერსონალად მხოლოდ დროებითი საქმეთა რწმუნებული ვასილი ციგანოვია მითითებული. ამასთან, მოსკოვს კელინის შემცვლელის კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია.
რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩის გაწვევა დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითებას არ ნიშნავს. მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „უპრეცედენტოდ დაბალ დონემდეა“ გაუარესებული, რაზეც პასუხისმგებლობას ლონდონს აკისრებენ.
საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, კელინმა დიდი ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის „კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი“ აღდგება, თუ ლონდონი რუსეთის მიმართ პოლიტიკას გადახედავს.