გერმანიის აეროპორტში ნაპოვნი ასაფეთქებელი დრონი, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირდებოდეს
გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) მიერ დაგეგმილ დივერსიას უკავშირდებოდეს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურების მონაცემებით, დრონის კონსტრუქცია და გამოყენებული ასაფეთქებელი საშუალებები რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ემთხვევა.
ინციდენტი 4 აგვისტოს მოხდა. დეტონატორითა და სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებით (Semtex) აღჭურვილი დრონი ასაფრენ ბილიკზე, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის (Antonov An-124) სიახლოვეს შენიშნეს.
აპარატი გამშვები მექანიზმის გაუმართაობის გამო არ აფეთქდა, რის შემდეგაც გამნაღმველებმა დეტონატორის გაუვნებელყოფა შეძლეს.
გამომძიებლების შეფასებით, თავდასხმის სამიზნე ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის პარალიზება და გერმანიისთვის მკაფიო გაფრთხილების გაგზავნა იყო უკრაინისადმი სამხედრო დახმარების შეწყვეტის მიზნით.
გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები და ფედერალური პროკურატურა საქმეს დივერსიის მუხლით იძიებენ.
მოსკოვმა დასავლური სპეცსამსახურების ბრალდებები უკვე უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.