სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

27.08.26 10:33
სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფართომასშტაბიანი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

სერჟ სარგსიანს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იმ პერიოდში, როდესაც ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფო ქონების უკანონო გასხვისებას, ფულის გათეთრებასა და მსხვილი ოდენობით ქრთამის აღების სქემებს.

მანამდე სამართალდამცავებმა სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. სასამართლომ სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო თავად რობერტ ქოჩარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები