აშშ: ჩინელი ჰაკერები იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეიჭრნენ

27.08.26 10:47
აშშ: ჩინელი ჰაკერები იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეიჭრნენ

შეერთებული შტატების განცხადებით, ჩაშალა ჩინური ჰაკერული ოპერაცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვის, სენატის და სხვა სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ კიბერ შეტევებსა და მცდელობებზე. 

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ორი ჰაკერული პლატფორმის, QScan-ისა და QTRouter-ის მიერ გამოყენებულ დომენებზე, რომლებიც კამპანიის ფარგლებში გამოიყენებოდა.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პლატფორმებს მართავს ჩინეთში დაფუძნებული ფირმა, Nanjing Xinjiuwei Network Technology Company, რომლის კლიენტებს შორის არიან ჩინეთის სამოქალაქო დაზვერვის სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და მისი სამხედრო ძალები - სახალხო განმათავისუფლებელი არმია.

ჰაკერების მსხვერპლთა შორის იყვნენ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები და აშშ-სა და სამხრეთ კორეაში არსებული ოთხი ანონიმური კომპანია.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იცნობენ იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნახსენებ სპეციფიკას, "ჩინეთის მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას კანონის შესაბამისად". 

მისივე თქმით, აშშ კიბერუსაფრთხოების საკითხებს "ჩინეთის დისკრედიტაციისთვის" იყენებს: "ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადაჭარბებულად გაშლას და მის გამოყენებას საბაბად ჩინური კომპანიებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებისთვის".

მსგავსი სიახლეები