აშშ ირანთან მოლაპარაკებებს აჩერებს და ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს
აშშ-სა და ირანს შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის სტრატეგიაზე გადადის და ირანის საერთაშორისო ფინანსური კავშირების მაქსიმალურად შეზღუდვას გეგმავს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ამჟამად მხარეებს შორის არც მოლაპარაკებები და არც სხვა სახის დიპლომატიური დიალოგი მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ეს ვითარება მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაინახავს, რომ თეირანი მზად არის „არსებითი მოლაპარაკებებისთვის“. ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კვლავ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
სამხედრო ოპერაციების შემდეგ ვაშინგტონი აქცენტს ირანის ეკონომიკურ იზოლაციაზე აკეთებს. თეთრმა სახლმა ახალი კამპანია - Operation Economic Outcast დაიწყო, რომლის მიზანიც ირანის დარჩენილი ფინანსური და სავაჭრო კავშირების შეზღუდვაა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, შეწყვიტონ ირანთან ფინანსური ურთიერთობები და წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციების შესაძლებლობაზე გააფრთხილა.
თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე თეირანთან შეხვედრას არ გეგმავს და ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ ზეწოლაზე გადააქვს.