ნეპალში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა - ასობით ადამიანს კვლავ ეძებენ

28.08.26 10:37
ნეპალში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა - ასობით ადამიანს კვლავ ეძებენ

ნეპალში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორის უცხოელი ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც სტიქიის დროს ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში იმყოფებოდნენ. ათასობით ადამიანი სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე რაიონში მიმდინარეობს. მაშველები, სამხედროები და პოლიცია ტალახისა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ, ხოლო მძიმე ტექნიკა ჩამოშლილი მასების გასაწმენდად მუშაობს. სტიქიამ გზები და ხიდები გაანადგურა და არაერთი დასახლება გარე სამყაროს მოწყვიტა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ვერტმფრენებს იყენებენ. მხოლოდ ნეპალში ვერტმფრენებით უკვე 3,200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

ამასთან, რეგიონში ახალი წყალდიდობის საფრთხე რჩება. მდინარე ბჰოტე-კოშის კალაპოტში ქვის, ტალახისა და სხვა ნაშალი მასალის დაგროვებამ ბუნებრივი ბარიერი და ახალი ტბა წარმოქმნა. ხელისუფლება შიშობს, რომ წყლის მოცულობის ზრდამ ბარიერი შეიძლება გაარღვიოს და ახალი ძლიერი ნაკადი გამოიწვიოს. მოსახლეობასა და მაშველებს მდინარის კალაპოტიდან მოშორებით, უსაფრთხო ადგილებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.