უკრაინულმა FP-1 დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ დრონებით იერიში მიიტანეს. უკრაინული კომპანია Fire Point-ის ინფორმაციით, თავდასხმისას მათივე წარმოების შორი მოქმედების FP-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ადგილობრივები აფეთქებების შესახებ დილის 7 საათისთვის იუწყებოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ქარხნის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ორი ხანძრის კერა. თავდასხმის შემდეგ მოსკოვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობაც დროებით შეიზღუდა.
„სლავნეფტ-იანოსი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. ქარხანა 1961 წლიდან ფუნქციონირებს და მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. საწარმო ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.
ეს „სლავნეფტ-იანოსზე“ ბოლო პერიოდში პირველი შეტევა არ არის - ქარხანა 6 აგვისტოსაც გახდა დრონების სამიზნე. მაშინ უკრაინის გენშტაბმა ობიექტზე დარტყმა და შემდგომი ხანძარი ოფიციალურად დაადასტურა