ამ ომში გამარჯვებული ვერცერთი მხარე ვერ იქნება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, გამარჯვებული ვერცერთი მხარე ვერ გამოვა და ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან შეუძლებელი იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ყველასთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, არის მშვიდობა, რომელიც ამ ომს შეაჩერებს. ეს იქნება გამარჯვება ადამიანების სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა მხარემ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ბევრი რამ უკეთ გაიაზრა. მან განსაკუთრებით აღნიშნა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი კიევში. ზელენსკის განცხადებით, მოსკოვში ექვსი-შვიდი ვიზიტის შემდეგ ისინი უკრაინის დედაქალაქს პირველად ეწვივნენ.
„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი იყო. მათ ჩვენი ხალხის მიმართ პატივისცემა უნდა გამოეხატათ და ეს გააკეთეს“, — თქვა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, ამერიკულმა მხარემ უკრაინას სთხოვა, გარკვეული წინადადებების დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ არ გაავრცელოს, ვიდრე მათზე დამატებითი განხილვა არ გაიმართება. ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე ამ წინადადებებზე სამუშაოდ ემზადება, ასევე იგეგმება ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა.