„რუსეთმა ორჯერ სცადა იმ თვითმფრინავზე თავდასხმა, რომლითაც ვმგზავრობდი“ - ზელენსკი

16.09.26 10:34
„რუსეთმა ორჯერ სცადა იმ თვითმფრინავზე თავდასხმა, რომლითაც ვმგზავრობდი“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ორჯერ სცადა იმ თვითმფრინავზე თავდასხმა, რომლითაც ის მგზავრობდა. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა მოლდოვაში მოხდა, სადაც მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა, მეორე კი - უკრაინაში დაბრუნებისას, როდესაც მარშრუტი კვლავ კიშინიოვზე გადიოდა.

„მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იყო და სწორედ ამიტომ შეუტიეს მოლდოვას... როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვის გავლით, იგივე გაიმეორეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოქმედებები რუსეთის სტრატეგიის ნაწილია და მისი, ასევე უკრაინაში ჩასული უცხოელი ლიდერებისა და მაღალჩინოსნების დაშინებას ემსახურება.

ინტერვიუში ზელენსკი ასევე შეეხო სამგზავრო მატარებელზე რუსეთის დრონით განხორციელებულ თავდასხმას. მატარებლით უკრაინაში ვიზიტად მყოფი უცხოელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლები და CIA-ს ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი მგზავრობდნენ.

„შესაძლოა, არ იცოდნენ, რომ იქ ამერიკელები იყვნენ, ან პირიქით - იცოდნენ, რადგან მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, იცოდნენ. მატარებელში ევროპელები, ამერიკელები, დიდი დელეგაცია იმყოფებოდა და მათ დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.