უკრაინაში ომში დაიღუპა რუსი გენერალ-მაიორი, რომელმაც პუტინს კოსტიანტინივკის „აღების“ შესახებ მოახსენა

16.09.26 10:55
უკრაინაში ომში დაიღუპა რუსი გენერალ-მაიორი, რომელმაც პუტინს კოსტიანტინივკის „აღების“ შესახებ მოახსენა

უკრაინაში ომის დროს დაიღუპა რუსეთის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი. ინფორმაციას რუსული მედია და ომის მხარდამჭერი რუსული არხები ავრცელებენ. მისი დაღუპვა ბრიგადაშიც დაადასტურეს, თუმცა გარდაცვალების ზუსტი თარიღი და გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.

გრუნისი რამდენიმე კვირის წინ რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „რუსეთის გმირის“ ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვეს. რუსული მედიის ცნობით, ჯილდო მას 27 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გადასცა.

ივლისის დასაწყისში სწორედ გრუნისმა მოახსენა ვლადიმირ პუტინს უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე კოსტიანტინივკის „აღების“ შესახებ. მაშინ პუტინმა მისი სამხედრო მოქმედებები საჯაროდ შეაქო.

გავრცელებული ინფორმაციით, გრუნისი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაშიც მონაწილეობდა. მოგვიანებით მსახურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-18 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში, შემდეგ კი ე.წ. მე-2 საარმიო კორპუსის მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გახდა. გენერალ-მაიორის წოდება მას 2024 წლის მაისში მიენიჭა. მისი სამხედრო მეტსახელი „გროზნი“ იყო.