ამოუცნობი დრონების გამო ლუქსემბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
ამოუცნობი და უნებართვო დრონების გამოჩენის გამო ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები რამდენიმე საათით შეაჩერა. დრონები თავდაპირველად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი უშუალოდ ფინდელის საჰაერო სივრცეში შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცე დაიკეტა და 19 რეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
ლუქსემბურგის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილება მგზავრების, ავიაკომპანიების ეკიპაჟების, აეროპორტის თანამშრომლებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების დასაცავად მიიღეს. ორი შემოწმების შემდეგ უშუალო საფრთხე აღარ გამოვლენილა და აეროპორტმა მუშაობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:20 საათზე განაახლა. დრონების წარმომავლობა და მათი ოპერატორები ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
ინციდენტის შემდეგ ლუქსემბურგის მთავრობამ უწყებათაშორისი ჯგუფი შეკრიბა. პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენის განცხადებით, ქვეყანა მისთვის ახალ მოვლენას - ლუქსემბურგის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ უფრო დიდი ზომის დრონების გამოჩენას შეეჯახა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ინფორმაცია საბოლოო დასკვნების გაკეთების საშუალებას ჯერ არ იძლევა და გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
ინციდენტი ევროპაში ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ გაზრდილი შეშფოთების ფონზე მოხდა. ბოლო დღეებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები გაძლიერდა და მთავრობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დრონებისა და კიბერშეტევებისგან დაცვის გეგმის მომზადება დაავალა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა დივერსიების, ხანძრებისა და დრონებით შეჭრის მსგავსი ჰიბრიდული ინციდენტების წინააღმდეგ ერთიანი ევროპული მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე. რუსეთი მსგავსი ინციდენტების უკან მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ევროპულ ბრალდებებს უარყოფს.