რუსეთმა კიევი დრონებით დაბომბა - სამიზნეში სკოლაც იყო
რუსეთის ძალებმა 27 სექტემბრის დილას კიევსა და კიევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დაღუპული 56 წლის მამაკაცია, რომელიც კიევის სოლომიანსკის რაიონში მდებარე საოფისე შენობაში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მაშველებმა მისი ცხედარი ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.
შევჩენკოს რაიონში დაშავდა სამი ადამიანი - 24 წლის ქალი და ორი 16 წლის მოზარდი. არსებული ინფორმაციით, მათ ქუჩაში მინის ნამსხვრევებით მიიღეს დაზიანებები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სოლომიანსკის რაიონში დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობასა და ავტოსერვისში.
თავდასხმის შედეგად განადგურდა ავტოსერვისის შენობა და 30-ზე მეტი ავტომობილი. დაზიანებულია კვების ობიექტი, ბენზინგასამართი სადგური, საოფისე შენობები და სკოლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობასაც დაეცა.