EU-მ სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო - ამის შესახებ ინფოპრმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების დაწესების შესახებ დამატებით 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელმყოფ ან საფრთხის შემცველ ქმედებებზე.
როგორც ევროკავშირის საბჭო წერს, გადაწყვეტილება მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემურ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაზე, ასევე მათ იძულებით ასიმილაციაზე, მათ შორის, იდეოლოგიურ დამუშავებასა და მილიტარიზებულ განათლებაზე.
სანქციების სია შეგიძლიათ იხილოთ განცხადებაში:
დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების დაწესების შესახებ დამატებით 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელმყოფ ან საფრთხის შემცველ ქმედებებზე.
გადაწყვეტილება მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემურ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაზე, ასევე მათ იძულებით ასიმილაციაზე, მათ შორის — იდეოლოგიურ დამუშავებასა და მილიტარიზებულ განათლებაზე.
დღეს სანქცირებულთა სიაში შევიდნენ: მოსკოვის ქალაქის ტურიზმის კომიტეტი და რუსული კომპანიები, რომლებიც ბავშვთა დასვენების, ტურიზმისა და გასართობი მომსახურების სფეროში საქმიანობენ და ორგანიზებას უწევენ რუსეთის ისტორიის, ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და სამხედრო-პატრიოტული აღზრდის საკითხებზე ფოკუსირებულ აქტივობებს.
სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბავშვთა ბანაკები და სპორტული ცენტრები — კულტურული გადაორიენტაციის, პროპაგანდაზე დაფუძნებული განათლებისა და სამხედრო-პატრიოტული აქტივობების კუთხით შესრულებული როლის გამო, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვების რუსული იდენტობის ჩარჩოებში ინტეგრირებას.
სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს „სონგდოვონის“ (Songdowon) საერთაშორისო ბავშვთა ბანაკს — ჩრდილოეთ კორეის (კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის) სახელმწიფო დაწესებულებას. აღნიშნული ბანაკი მონაწილეობს პროგრამებში, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვების გადაყვანას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციასთან კოორდინაციით და პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციის მიზნით.
დღევანდელ სიაში ასევე შეყვანილი არიან: თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი (რეგიონში მდებარე ბავშვთა ბანაკებში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ხელშეწყობისთვის); გარკვეული ოკუპირებული ტერიტორიების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები; თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სპორტისა და ტურიზმის მინისტრი; ასევე ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელები — იდეოლოგიურ დამუშავებაში შეტანილი წვლილის გამო.
სიაში შეყვანილ პირებს გაეყინებათ აქტივები, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდათ გადაადგილების შეზღუდვა, რაც კრძალავს მათ შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე ან მის გავლით ტრანზიტს. - აღნიშნულია განცახდებაში.