„ჩვენ ვრჩებით კიევში“ - ევროპელი დიპლომატები რუსეთის მუქარას ერთობლივი კამპანიით პასუხობენ
„ჩვენ ვრჩებით კიევში“ - ამ გზავნილით უკრაინაში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური მისიები რუსეთის მუქარას პასუხობენ. ერთობლივ ფლეშმობს წინ უძღოდა მოსკოვის მოწოდება, უცხოელ დიპლომატებს უკრაინის დედაქალაქი დაეტოვებინათ ახალი მასშტაბური იერიშების საფრთხის გამო.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროპული ქვეყნების საელჩოებმა სოციალურ ქსელებში განაცხადეს, რომ კიევში მუშაობას აგრძელებენ და რუსეთს ვენის კონვენციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს. ევროკავშირის ელჩის, კატარინა მატერნოვას განცხადებით, კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 25-ვე საელჩო რჩება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატიური მისიების ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.