პოლონეთი უკრაინის საზღვართან ჯარებს, ტანკებს და „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს ახალი სამხედრო დანაყოფების, ასევე „აბრამსის“ ტანკებისა და „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემების ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში გაგზავნით. wiadomosci.onet.pl- ის ცნობით ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში იტყობინება.
„რამდენიმე კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ლუბლინის რეგიონში „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ბატარეები განვათავსო. ვაპირებ, მოვინახულო იქ განლაგებული ჯარები, რომლებიც რეგიონის თავდაცვას უზრუნველყოფენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ბატარეები ლუბლინის რეგიონში განლაგდა“, - განაცხადა მან.
ასევე, მინისტრის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები პოლონეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაფართოების შესახებ.