მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა - არის მსხვერპლი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელეს. თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა მოსკოვის ყველა აეროპორტის მუშაობა. ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე მოსკოვის რეგიონში მდებარე უმსხვილესი ნავთობბაზა იყო.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 5 ოქტომბრის 20:30 საათიდან 6 ოქტომბრის 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 650 დრონი მიფრინავდა. მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შორეულ მისადგომებთან გაანადგურეს, ხოლო 105 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. სობიანინს არ დაუკონკრეტებია, მიაღწია თუ არა რომელიმე დრონმა სამიზნეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. შვიდ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია 47 კერძო სახლი. სოლნეჩნოგორსკის რაიონის სოფელ ლიტვინოვოში კი სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა, საიდანაც 46 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინული მონიტორინგის არხის Supernova+-ის ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური „ვოლოდარსკაია“ იყო. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA გავრცელებული ვიდეოების გეოლოკაციის საფუძველზე წერს, რომ ხანძარი სწორედ ამ ობიექტის ტერიტორიაზე გაჩნდა.
„ვოლოდარსკაია“ „ტრანსნეფტეპროდუქტის“ სისტემაში შედის და მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპროდუქტების ობიექტს წარმოადგენს.