ლიეტუვამ შესაძლოა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტი ქვეყანაში

07.10.26 16:07
ლიეტუვამ შესაძლოა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტი ქვეყანაში

 ლიეტუვამ შესაძლოა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტი ქვეყანაში - ინფორმაციას ამის შესახებ lrt.lt ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, თუ რუსეთში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება.

„თუ ჩვენ დავინახავდით უმცირეს საფრთხესაც კი, ამ საკითხს ჩვენ წამოვწევდით და შემდეგ გადაწყვეტილებებს ერთობლივად მივიღებდით“ - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ლინას კუკურაიტისმა.

მისი თქმით, ის უკვე შეხვდა ყველა ძირითად ინსტიტუციას, რომელიც დაავადების მართვაზეა პასუხისმგებელი და ლიეტუვამ საპასუხო პროცედურები დაადგინა.

მედიის ცნობით, ლიეტუვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ამჟამად ლიეტუვაში მოსახლეობისთვის შავი ჭირის ინფექციის გაზრდილი რისკი არ არსებობს. მათი თქმით, არსებული ინფორმაცია შეზღუდულია და არ არსებობს დამოუკიდებლად დადასტურების საშუალება, რომ დაფიქსირებული შემთხვევა ფილტვისმიერი შავი ჭირის შემთხვევას ეხებოდა.

ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.