საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა

11.10.26 10:39
საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ეს იერიში ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ არაბულ ქვეყნებში განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე სისხლიანია. საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან: საუდის არაბეთის 4, ბანგლადეშის 2, აშშ-ის 1, ეგვიპტის 1, იორდანიის 1, სირიის 1, სუდანის 1 და პალესტინის 1 მოქალაქე.

The Guardian-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ მომხდარზე პასუხისმგებლობა მეზობელ იემენში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ ამბოხებულებს დააკისრა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, გაზრდის ერ-რიადის ზეწოლას მოკავშირეებზე, განსაკუთრებით აშშ-ზე, პირდაპირი სამხედრო დახმარების მიღების მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმებში შეერთებული შტატების შესაძლო მონაწილეობის საკითხს განიხილავს:

„შესაძლოა. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. ახლახან შევიტყვეთ ბოლოდროინდელი თავდასხმის შესახებ, ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ ძალიან სწრაფად ვმოქმედებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მედიის ცნობით, რაკეტა აეროპორტის კომპლექსის იმ ნაწილს მოხვდა, სადაც შიდა რეისების №3 და №4 ტერმინალებია განთავსებული. შემთხვევის ადგილზე პოლიციის დიდი ძალებია მობილიზებული, ყველა შესასვლელი დაბლოკილია, კომპლექსის გარშემო კი განათება ჩააქრეს.

პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა და ყველა რეისი ალტერნატიულ აეროპორტებში გადამისამართდა.

მსგავსი სიახლეები