ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს

11.10.26 19:02
ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს

უკრაინა მზადაა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინელებმა პრეზიდენტი უნდა შეცვალონ. მისი თქმით, ომის პირობებში არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციური და უსაფრთხოების დაბრკოლებები აქვს, თუმცა ორთვიანი ზავის შემთხვევაში ქვეყანა კენჭისყრის ორგანიზებას შეძლებს.

„ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე შესვენება. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის, სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების დროისა და ქვეყნის ლიდერის არჩევის საკითხი მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის“, - აღნიშნა მან.