დრონების შეტევა სანტქ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

18.10.26 10:19
დრონების შეტევა სანტქ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე მთელი ღამის განმავლობაში დრონებით მასშტაბური თავდასხმა მიმდინარეობდა. აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის ნავთობტერმინალი.

გამოცემა Astra-ს ცნობით, ლენინგრადის ოლქში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. სანქტ-პეტერბურგისა და ოლქის მცხოვრებლები აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ იუწყებოდნენ. ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი აცხადებდა, რომ თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინებები არ მიუღია.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 126 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს რეგიონზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ნავსადგურისა და ადგილობრივი ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა დაადასტურა, რომ „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავის მხრივ, კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ ტერმინალზე იერიში FP-1 ტიპის დრონებით განხორციელდა.

„პეტერბურგის ნავთობტერმინალი“ ბალტიის რეგიონში თხევადი ტვირთების გადატვირთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია. მის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების შესანახი 21 რეზერვუარია განთავსებული, ხოლო ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 12,5 მილიონ ტონას შეადგენს.