„ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“ - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერს მხარს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სომხეთისთვის შთაგონების წყარო გახდა, ხოლო საქართველოს წარმატებას ერევნის ევროპული პერსპექტივისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მითუმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.
გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთის შემდეგ სომხეთიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.