ჩეხეთში ათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლების დასაცავად გამოვიდა - გაიფიცნენ მედიის თანამშრომლებიც
ჩეხეთში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტია. პრაღასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების წესის შეცვლას აპროტესტებს. დემონსტრანტების შეფასებით, მთავრობის ინიციატივა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. პროტესტს ერთდღიანი გაფიცვით შეუერთდნენ ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებიც.
ანდრეი ბაბიშის კოალიციური მთავრობის კანონპროექტი მაუწყებლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებასა და მათი რესურსების დაახლოებით 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ცვლილებების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლებას მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს მისცემს.
მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა და ცვლილებები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენას არ მოახდენს.
კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენა უკვე გაიარა.