"მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა" - ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა - ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, „ჩრდილოვან ფლოტს“, კრიპტო პლატფორმებსა, რუს სპორტსმენებსა და მებრძოლებს.
ლაიენის ცნობით, ტრანზაქციების აკრძალვა დაახლოებით 60 რუსულ ბანკზე გავრცელდება და აღნიშნული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება.
მისივე განცხადებით, ევროკომისიამ წინადადება წარადგინა იმის შესახებ, რომ ვიზების გაცემა აიკრძალოს იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი დაასრულოს. ჩვენ გავაგრძელებთ ახალი სანქციების წარდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილ მზადყოფნას არ გამოავლენს. აღნიშნული პაკეტით ზეწოლას სამი მიმართულებით ვაძლიერებთ. უფრო მეტად ძლიერ დარტყმას ვაყენებთ რუსეთის მიერ ომის დაფინანსების წყაროებს მისი ბანკებისა და კრიპტო პლატფორმების მიზანში ამოღებით. რუსეთის იზოლირებას კიდევ უფრო მეტად ვახდენთ. მისთვის ევროპულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის კარს ვხურავთ. ვამკაცრებთ სავიზო წესებს და აღსრულებას უფრო ვაძლიერებთ.
ჩვენს ზომებს ვამკაცრებთ კრიპტო და საგადასახადო ქსელების მიმართ. აქცენტს ვაკეთებთ რუსეთზე, თუმცა ეს მოიცავს მესამე ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
- სანქციების ახალ პაკეტში ენერგეტიკულ მომსახურებაზე აკრძალვა ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობასა თუ შეკეთებაში დახმარების გაწევას ვერ შეძლებენ. ასევე, სანქციებს სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 70-ზე მეტი გემი დაემატება.
ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროპელებს რუსული კომპანიების მმართველ საბჭოებში თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „სპორტული ღონისძიებები პროპაგანდული საქმიანობის ფორუმი ვერ იქნება“.