ზელენსკი – უკრაინა მზად არის, ფრონტის ხაზზე ცეცხლი შეწყვიტოს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდეს

29.11.26 12:55
ზელენსკი – უკრაინა მზად არის, ფრონტის ხაზზე ცეცხლი შეწყვიტოს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდეს

უკრაინა მზად არის კომპრომისისთვის, რომელიც საომარი მოქმედებების ამჟამინდელ შეხების ხაზზე შეწყვეტასა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გადასვლას გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი კომპრომისია, ვინაიდან ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არ სურს.

„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯებისთვის – დავრჩეთ და გავჩერდეთ იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზზე. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ გვესმის, რომ მას [პუტინს] ჩვენი მიწიდან წასვლა არ სურს. სწორედ ამიტომ ვამბობთ: კარგი, გავჩერდეთ აქ და გადავიდეთ დიპლომატიაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების გზას იპოვის ისე, რომ ამის საფასურის გადახდა მხოლოდ უკრაინას არ მოუწიოს.

„პრეზიდენტი ტრამპი კვლავ პრეზიდენტად რჩება. მას კვლავ აქვს საკმარისი უფლებამოსილება და შეერთებული შტატების კონსტიტუცია. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს ამ ომის დასრულების გზების ძიებას, მაგრამ არა ისე, რომ ამის საფასური მხოლოდ უკრაინამ გადაიხადოს, რადგან ეს არასწორია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.