არეულობა ყაზახეთში - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ადგილზე ჯარებს აგზავნის

06.01.22 11:08
არეულობა ყაზახეთში - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ადგილზე ჯარებს აგზავნის

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია  ყაზახეთში ჯარებს აგზავნის. ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის რუსეთი. ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარება სწორედ ამ ქვეყნებს სთხოვა. ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო და ჯარი  ტერიტორიაზე დროებით განთავსდება. პაშინიანს არ დაუკონკრეტებია რამდენი ჯარისკაცი განთავსდება ყაზახეთში.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების, მათ შორის გარე ჩარევის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.

შეგახსენებთ, ყაზახეთში კვლავ არეულობაა. ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.