ყაზახეთში სამშვიდობოები შეზღუდული დროით, ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნა - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ძალები ყაზახეთში განთავსდნენ. ორგანზიაციის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, „სამშვიდობო ძალები“ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნა.ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციისა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის. რუსული მხრიდან ამ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ ქვეყნის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს ინფორმაციაში.