ყაზახეთში შეტაკებებს 13 სამხედრო ემსხვერპლა, 2 მათგანს თავი მოაჭრეს – კომენდანტის ოფისი
ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს.
"გასულ ღამით, ექსტრემისტულმა ძალებმა სცადეს დაეკავებინათ ადმინისტრაციული შენობები - ალმათის პოლიციის დეპარტამენტი და სხვა ლოკალური განყოფილებები. ლიკვიდირებულია ათეულობით თავდამსხმელი და დგინდება მათი ვინაობები", - ამბობს პოლიციის პრესსპიკერი, სალთანათ აზირბეკი.
ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დემონსტრაციების დროს შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის არიან როგორ მომიტინგეები, ასევე პოლიციელები. პარალელურად კი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ ყაზახეთში ჯარები გააგზავნა.