ნატო არ შეჭრილა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ეს რუსეთმა გააკეთა - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია, ამიტომაც ამ საკითხს კრემლთან მოლაპარაკებების დროს დღის წესრიოგში აუცილებლად დააყენებენ.
მოდით, ცალსახად ვთქვათ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა.
გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
შვეიცარიაში რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მოლაპარაკებები დაიწყო. ვენდი შერმანი და სერგეი რიაბკოვი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ.
დიპლომატები უკრაინის საზღვართან შექმნილ დაძაბულობას განიხილავენ. რუსეთი უკრაინაში შეჭრით იმუქრება. თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ ვითარების ასე განვითარების შემთხვევაში კრემლს უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.