მნიშვნელოვანია, დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით - ზელენსკი

ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვა მოითხოვა.
ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით.
ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.