პუტინის ქმედება პასუხგაუცემელი არ დარჩება - მსოფლიო ლიდერების პასუხი რუსეთის პრეზიდენტს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან ერთად უკრაინის საზღვართან რუსეთის ესკალაციის საკითხი განიხილა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, სამი ქვეყნის მეთაურმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ მკაცრად დაგმო.
მათ საპასუხო, კოორდინირებული ნაბიჯები განიხილეს, - ნათქვამია აშშ-სპრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შოლცმა, ბაიდენმა და მაკრონმა რუსეთის ეს ქმედება მინსკის შეთანხმების დარღვევად ერთხმად შეაფასეს. მხარეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და შეთანხმდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოსალოდნელი ესკალაციები თავიდან აირიდონ.