დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მსოფლიოს რუსეთისთვის დაუყოვნებლივი და ძლიერი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პუტინი თავს მსოფლიო წესრიგს ესხმის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკელთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს.
მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად. ის, რაც პუტინმა აღიარა არის მისი პირადი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომზე და არაპროპორცირებულ, გაუმართლებელ ომზე ევროპის სხვა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. პუტინი ბოლო ქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს, - განაცხადა კულებამ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას. საპასუხოდ აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს სანქციები დაუწესა.