მოლაპარაკების დრო დასრულდა, ეს ნამდვილი ომია! - უკრაინის ელჩი საქართველოში

24.02.22 18:48
მოლაპარაკების დრო დასრულდა, ეს ნამდვილი ომია! - უკრაინის ელჩი საქართველოში

არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, საერთაშორისო ნორმები დაარღვიოს და შეიარაღებული აგრესია განახორციელოს - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გაეროს წესდების ბევრი დებულება, ასევე ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები რუსეთსა და უკრაინას შორის და ასევე ჰელსინკის დასკვნითი აქტი.

მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვმუშაობდით, რომ ყველანაირი საკითხი ცივილიზებული, პოლიტიკის და დიპლომატიის გზით გადაგვეწყვიტა. სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს საშუალებას და ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია"- განაცხადა ელჩმა. 

 იგორ დოლგოვის თქმით, თავიდანვე, დილის 5 საათიდან გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა:  "ეს არის ნამდვილი ომი“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.