ოკუპანტების სამიზნე კიევია - უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

25.02.22 10:25
ოკუპანტების სამიზნე კიევია -  უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევა  განხორციელდა

კონფლიქტის ეპიცენტრში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. ოკუპანტების სამიზნე კიევია. უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევა უკვე განხორციელდა. კიევში საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული, რითაც მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

რუსული საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად 9 სართულიანი სახლი დაიწვა, დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინელები კიევის ცის დაცვას დილიდან ცდილობენ. რუსული რამდენიმე რაკეტის განეიტრალება უკრაინელებმა უკვე მოახერხეს. 

კიევისკენ უკვე დაიძრა სამხედრო ტექნიკა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები როგორ გადაადგილდებიან ტანკები დიმერის რაიონში. რუსული ჯავშან-ტექნიკა კიევის მიმართულებით გადაადგილდება ივანკოვოდანაც. უკრაინელმა მებრძოლებმა კიევთან ახლოს ხიდები ააფთქეს, რათა მტერმა ქალაქში შესვლა ვერ შეძლოს.