მძიმე ღამე უკრაინაში - გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სისასტიკეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა

უმძიმესი ღამე იყო უკრაინაში - ყველა დიდ ქალაქში განგაშის სიგნალები ისმოდა. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს. რუსული რაკეტა სწორედ უწყების შენობისკენ იქნა გაშვებული, თუმცა ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო და მისი ნამსხვრევები რკინიგზის სადგურთან ჩამოცვივდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა გოლოსევოსა და პეჩერსკის დასახლებებში. აფეთქებები მეტროს სიახლოვესაც განხორციელდა.
მძიმე ვითარება იყო ხარკოვშიც - ოკუპანტებმა ცეცხლი გაზის მილსადენს გაუხსნეს.
მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში განხორციელებულ დაბომბვას. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებს 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
ამასთან, რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 კვირის განმავლობაში 9 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.