ნებისმიერი ქვეყანა რომელიც რუსეთს ცას დაუკეტავს, განხილული იქნება კონფლიქტის მონაწილედ - პუტინის მუქარა

რუსეთის პრეზიდენტის მუქარა - ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ "უკრაინის მეზობლების ნებისმიერი ნაბიჯი ცის ჩაკეტვისკენ კონფლიქტში ჩართვა იქნება".
გვესმის, რომ საჭიროა დახურული საფრენი ზონის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია თავად უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში მოხდეს ეს, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში. იმ მხარის ტერიტორიიდან, საიდანაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხე შეიქმნება. იმავე წამიდან მათ განვიხილავთ როგორც სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებს და უკვე სულერთი იქნება, რისი წევრები არიან, რა ორგანიზაციების. ვიმედოვნებ, რომ ეს გასაგები იქნება"- განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია:
მრავალი რამ რაც ახლა ხდება, რასაც ვხედავთ, ეს არის ცალსახად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა. სხვათაშორის, ეს სანქციები, რომლებსაც ატარებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია. თუმცა, მადლობა ღმერთს, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. ჩვენს "პარტნიორებს" მაინც ესმით თუ რას მოიცავს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული ეს ყველასთვის, მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, როგორიც გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა წამოროშა, რომ NATO შესაძლოა ჩართულიყო კონფლიქტში და ჩვენ დაუყოვნებლივ მოგვიწია მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩვენი შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანაზე. ამას რეაქცია მოჰყვა, თქვეს, რომ ასეთი არაფერი ყოფილა მხედველობაში. არავის მიუთითებია ამ ქალისთვის, მინისტრისთვის. არ წაუღია უკან განცხადება. ვინმეს მაინც ეთქვა ამაზე, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ მიაქციოთ ყურადღებაო. ჩვენ რა უნდა გვეფიქრა? რა თქმა უნდა, მივიღეთ, როგორც სიგნალი"- განაცხადა მან.