სხვა გზა არ დაგვიტოვეს - პუტინი უკრაინაში ომის დაწყებაზე

10.03.22 20:10
სხვა გზა არ დაგვიტოვეს - პუტინი უკრაინაში ომის დაწყებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის წევრებთან დისტანციური თათბირი გამართა. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის  თემა რუსეთის ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების ღონისძიებები იყო.

პუტინმა ტრადიციულად დასავლეთი გააკრიტიკა  და თქვა, რომ  ევროპელი ჩინოვნიკები თავიანთ მოქალაქეებს სთავაზობენ „ქამრების შემოჭერას და უფრო თბილად ჩაცმას“ და ამაში დამნაშავედ რუსეთს ასახელებენ, თუმცა პუტინის მტკიცებით ეს მათივე არასწორი გათვლების შედეგია.

გასაგებია, რომ რუსეთის ფედერაციაში გარკვეული ტიპის საქონელზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ  ეჭვგარეშეა, რომ საკითხები მოგვარდება და ხალხი მიხვდება, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.    

ადგილობრვი მედიის ცნობით, ქვეყანაში უცხოური საწარმოების დახურვის პასუხად პუტინმა გადამწყვეტი ზომების მიღება მოითხოვა. ის ამბობს, რომ რუსული სასუქის, ისევე როგორც ნავთობის, გაზის და ლითონების,  მიწოდების შეფერხება მსოფლიოში სერიოზულ შედეგებს მოიტანს. თათბირის დასასრულს პუტინმა უკრაინაში "ოპერაციის"  თემაზეც ისაუბრა: 

ეს იყო ჩვენი ვალდებულება, მხარი დაგვეჭირა ამ ხალხისთვის (დონბასელებისთვის), მათთვის დახმარება გაგვეწია. სხვა გზა უკვე არ გვქონდა, ამ საკითხის სხვანაირად გადაჭრის სხვა შანსი არ დაგვიტოვეს. ის, რომ ჩვენი მოქალაქეები ასე ეხმაურებიან იმ ადამიანთა დახმარების საჭიროებას, ვინც გასაჭირშია, ეს ბევრზე მეტყველებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში ხალხი მხარს უჭერს ჩვენს ქმედებებს და მეტყველებს, რომ სწორად ვიქცევით დონბასის მხარდაჭერით.  ხოლო რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს, სანქციები ყველა შემთხვევაში იქნებოდა და ამაში ახალი არაფერია, დასავლეთის  მხრიდან სანქციების გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი სხვა ბაზრებს მოძებნის - განაცხადა პუტინმა.
 

მსგავსი სიახლეები