ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას - კადიროვის მიმართვა მასკს
"ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას..." - ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ილონ მასკს. კადიროვმა მიმართვა ტელეგრამზე გაავრცელა.
ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას. ძალიან განსხვავებული წონის კატეგორიებია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წითელ კუთხეში თქვენ, ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი, ლურჯ კუთხეში კი პუტინი - მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და აშშ-სთვის ჭექა-ქუხილის მსგავსი.
ვლადიმირ ვლადიმროვიჩისგან სუსტი მეტოქის დამარცხება არასპორტულად საქციელად ჩაითვლება. უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო", - წერს კადიროვი.
ცნობისთვის, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში იწვევს.
"ვიწვევ ვლადიმირ პუტინს ორთაბრძოლაში, ფსონი არის უკრაინა" - დაწერა გუშინ ილონ მასკმა.
"თანახმა ხარ ამ ბრძოლაზე?" - ვკითხულობთ პოსტში, რომელშიც მასკმა კრემლი მონიშნა.