უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ჰაკერი, რომელიც მტერს ეხმარებოდა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა მათივე თანამემამულე ჰაკერი, რომელიც ოკუპანტებისთვის მობილურ კავშირს უზრუნველყოფდა. უწყების ინფორმაციით, სწორედ ჰაკერის კოლაბორაციონიზმის წყალობით:
აგრესორები ახორციელებდნენ უკრაინიდან რუსეთში ანონიმურ მობილურ ზარებს;
უკრაინის ძალოვანი უწყების თანამშრომლებს სისტემატურად ეგზავნებოდათ წინადადებები, რომ დანებებულიყვნენ და გადასულიყვნენ რუსების მხარეს;
აგრესორთა მოწინავე რაზმებს გადაეცემოდათ საიდუმლო ბრძანებები.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში აღნიშნული ჰაკერის მეშვეობით ათასობით საიდუმლო ზარი ხორციელდებოდა, რომელთა უმრავლესობის ადრესატი რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა იყო.
ამ დროისთვის კოლაბორანტი დაკავებულია, ამოღებულია მოწყობილობა. ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, რადგან მისი წყალობით ათასობით უკრაინელი დაიღუპა - აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.