კიევის პრონაცისტურ რეჟიმს შეეძლო, მიეღო მასობრივი განადგურების იარაღი და მისი სამიზნე რუსეთი იქნებოდა - პუტინი

16.03.22 19:02
კიევის პრონაცისტურ რეჟიმს შეეძლო, მიეღო მასობრივი განადგურების იარაღი და  მისი სამიზნე რუსეთი იქნებოდა - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ბრალდება უკრაინის მიმართ - ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ კიევს ბრალი საომარი მოქმედებების ესკალაციასა და მშვიდობიანი შეთანხმების იგნორირებაში დასდო.

კიევის ხელისუფლება იგნორს უწევდა მინსკის მშვიდობიანი შეთანხმების დოკუმენტს, ხოლო შემდგომში საერთოდ უარი განაცხადა მის შესრულებაზე. მათ დაიწყეს ნატო-ში შესვლის გეგმის რეალიზაცია. იმავდროულად გაჟღერდა კიევის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას - განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე პენტაგონის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ლაბორატორიები და იყო რეალური შანსი, შექმნილიყო მასობრივი განადგურების იარაღი, მათ შორის, ბირთვულიც, რაც პირველ რიგში, რუსეთის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ ხორციელდებოდა.

კიევის პრონაცისტურ რეჟიმს შეეძლო, მიეღო მასობრივი განადგურების იარაღი და რა თქმა უნდა, მისი სამიზნე რუსეთი იქნებოდა. უკრაინაში მუშაობდა ათობით ლაბორატორია უცხოეთის ფინანსური მხარდაჭერით, სადაც პენტაგონის ხელმძღვანელობით ტარდებოდა ცდები, რაც შეეხებოდა ციმბირის წყლულს, ქოლერას, კორონავირუსს. ახლა ცდილობენ, რომ ამ საიდუმლო პროგრამების კვალის წაშალონ.  მაგრამ ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულება, რომ უკრაინა აპირებს, შექმნას ახალი ბიოლოგიური იარაღი. - განაცხადა პუტინმა.

პუტინი უკრაინას ომის დაწყებაში დამნაშავედ მიიჩნევს. 

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ უკრაინა, რომ ამგვარი ქმედება რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, ჩვენი მიმართვების იგნორირება ძალიან ცინიკურად ხდებოდა. ყველანაირი დიპლომატიური შესაძლებლობა ამოიწურა და ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა იმისთვის, რომ ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაგვეწყვიტა.

ეს ჩვენი ბრალი არ იყო და ამ მიმართებაში იძულებული გავხდით, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. თუმცა, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ამ ქვეყნის ოკუპაცია. ამის შესახებ 24 თებერვალს ჩვენ სპეციალურ მიმართვაში განვაცხადეთ. - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ზიანი არ მიადგეს. რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურ კიევს პროვოკაციების მოწყობაში კვლავ ადანაშაულებს.

რაც შეეხებოდა ჩვენს საომარ ტაქტიკას, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები გმირობის მაგალითს ავლენენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი. 

 უკრაინა, რომელსაც აქეზებს აშშ და სხვა დასავლეთის ქვეყნები, მიზანმიმართულად ემზადებოდა ძალოვანი სცენარისთვის. ჩვენ უკრაინის გეგმები ჩავშალეთ. კიევში იყო იატაკქვეშა ორგანიზაციები და ხდებოდა პროვოკაციები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ამ ომში 14 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები. როგორც იცით, 14 მარტს სისხლიანი ტერაქტი განხორციელდა, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ასეთი სროლები დღემდე გრძელდება. - აცხადებს პუტინი.

თავისი მიმართვის დასასრულს პუტინმა უკრაინელი სამხედროები ფაშისტებს შეადარა.

უკრაინელები იქცევიან, როგორც ფაშისტები, რომლებიც მესამე რეიხის დასასრულს ცდილობდნენ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი წაეყოლებინათ საფლავში. - განაცხადა მან.