რუსული სპეცთვითმფრინავი საქართველოს ცაზე დააფიქსირეს
,,ფლაი რადარის" მონაცემებით, მოსკოვიდან საქართველოს ცის გამოყენებით სპეცთვითმფრინავი ერევანში დაფრინდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვითმფრინავი საგანგებო დანიშნულების საჰაერო ხომალდია და ის თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის. შესაბამისად, არ არსებობს დადასტურებული პასუხი, რა მიზნებს ემსახურებოდა აღნიშნული რეისი.
ოფიციალური სტრუქტურები არ აკეთებენ განმარტებას, რატომ გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი.
განცხადება გაკეთდა უკრაინის საელჩოში, სადაც განაცხადეს, რომ უკრაინას დადასტურებული ინფორმაცია გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ცდილობს, ცოცხალი ძალა სომხეთიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გადაისროლოს.
ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ამ ეტაპზე ეს გადაგზავნა ხორციელდება სახმელეთო გზით და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა. - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.
საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია რუსული სპეცთვითმფრინავების შესახებ საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და განიხილონ აღნიშნული საკითხი, გარდა ამისა, ოპოზიცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააკეთონ ოფიციალური განმარტება, დაფიქსირდა თუ არა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შემოსვლის ფაქტი.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია არის საგანგაშოზე გაცილებით მეტი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველსო ხელისუფლებამ საჰაერო გზა გაუხსნა რუსული იარაღის გადაზიდვას, ეს წარმოუდგენლად მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ მაქვს ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია და იმედი მაქვს, ის გადამოწმდება - განაცხადა ,,ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.